მსოფლიო ბანკის ახალი პუბლიკაცია საქართველოში მიმდინარე წარმატებულ ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე ვაშინგტონი, 2012 წლის 31 იანვარი – საჯარო სამსახურში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება უნიკალურია. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი ახალი პუბლიკაცია “კორუფციის დაძლევა საჯარო სამსახურში: საქართველოში გატარებული რეფორმების ქრონიკა” აღნიშნავს, რომ საქართველოს გამოცდილების მრავალი ასპექტი შეიძლება მოერგოს და დაინერგოს იმ ქვეყნებში, რომლებსაც საჯარო სამსახურში გავრცელებული კორუფციის გამო მსგავსი სირთულეების გადალახვა უხდება. “კორუფციას ხშირად აღიქვამენ, როგორც ადგილობრივ მოვლენას, ტრადიციისა და კულტურის ნაყოფს და შესაბამისად, გარდაუვალს,” აღნიშნა ფილიპ ლე უერუმ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. “საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კორუფციის მანკიერი წრე შეიძლება დაირღვეს და სათანადო ინსტიტუციური რეფორმების შედეგად, სისტემა ზნეობრივ ჩარჩოში მოექცეს.” 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ღირსშესანიშნავ შედეგებს მიაღწია საჯარო სამსახურში კორუფციის დამარცხების თვალსაზრისით. თუმცა, ძალიან ცოტა რამ დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს. რა იყო ამ ანტიკორუფციული ღონისძიებების განსაკუთრებული თვისებები? რამდენად მდგრადია დღეისათვის მიღწეული შედეგები? რამდენად შესაძლებელია ქართული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება? პუბლიკაციის მიზანია, რომ სწორედ ამ კითხვებს გასცეს პასუხი. იგი ეყრდნობა საჯარო სამსახურის რიგი სფეროებიდან მიღებულ მონაცემებსა და რეფორმების გამტარებლებთან საუბრებს. ეს სფეროებია: საპატრულო პოლიცია, საგადასახადო ადმინისტრაცია, საბაჟო, ენერგომომარაგება, ბიზნესის რეგულირება, სამოქალაქო და საჯარო რეესტრები, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები და მუნიციპალური მომსახურება. ნაშრომი ასევე გვთავაზობს ანალიზს ანგარიშვალდებულების არსებულ სისტემისა, რომელიც მოიცავს მთავრობას, საჯარო მომსახურების მიმწოდებლებსა და ამ მომსახურების მიმღებებს . 2003 წლისათვის კორუფციამ საქართველოში ყველა სფერო მოიცვა. თითქმის ყველა სახის მომსახურების მისაღებად საჭირო იყო ქრთამი, იქნებოდა ეს მართვის უფლება თუ პასპორტი, ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის დაწყება, სახლის აშენება თუ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა. მთავრობის მიერ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის გატარებამ მკვეთრად შეამცირა საჯარო მომსახურების სხვადასხვა სფეროში არსებული არაოფიციალური გადასახადები. ამ კუთხით ქვეყნის მაჩვენებლები თითქმის გაუტოლდა ევროკავშირის ყველაზე წარმატებული ქვეყნების მაჩვენებლებს. “ნაშრომზე მუშაობისას, კონკრეტული მაგალითების ობიექტური ანალიზის გზით შევეცადეთ, ქრონოლოგიურად აღგვეწერა, თუ როგორ მიმდინარეობდა კორუფციასთან ბრძოლა საჯარო უწყებებში,” აღნიშნა ასად ალამმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში და წიგნის მთავარმა ავტორმა. “ნაშრომი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გატარებული რეფორმების მოდელის შექმნისა და დანერგვის პროცესს. იგი ცდილობს, გამოკვეთოს, თუ როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება, რა კომპრომისებზე უხდებოდათ წასვლა პოლიტიკის გამტარებლებს, როგორი იყო რეფორმების თანმიმდევრობა და ურთიერთკავშირი.“ კველევის შედეგად გამოიკვეთა 10 ფაქტორი, რითაც შეიძლება აიხსნას საქართველოს მიღწევები: ძლიერი პოლიტიკური ნება; მაღალი ნდობის მოპოვება საწყის ეტაპზე; უკომპრომისო მიდგომა; საერთაშორისო გამოცდილების მორგება ადგილობრივ პირობებთან; ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის სტრატეგიული გამოყენება. შესაძლოა ბევრი მათგანის მნიშვნელობა ბევრისთვის ცხადი და აშკარა იყოს, თუმცა საქართველოს გამოცდილების უნიკალურობა სწორედ რეფორმების მასშტაბურობამ, სითამამემ, ტემპმა და თანმიმდევრობამ განაპირობა. პუბლიკაცია, აგრეთვე, საუბრობს იმ ინსტიტუციონალური რეფორმების აუცილებლობაზე, რომელთა გატარება შეუქცევადს გახდის მიღებულ შედეგებს, რაც ანგარიშგების გამართული სისტემის დამკვიდრებას გულისხმობს. ამასთან ერთად, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული გამოცდილების მრავალი ასპექტის გაზიარება შესაძლებელია სხვა ქვეყნების მიერ, მათი უნიკალურობის, კორუფციის პრობლემისა და პოლიტიკური ეკონომიკის თავისებურებების მიუხედავად. საქართველოს გამოცდილება აქარწყლებს მითს, რომ “კორუპცია არის კულტურა” და იმედს აძლევს სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, მთავრობებს და მოქალაქეებს, რომლებიც იღწვიან საჯარო სამსახურების კორუფციისაგან გასათავისუფლებლად. საკონტაქტო პირები: ელენა კარაბანი (202) 458-4475, ekaraban@worldbank.org ინგა პაიჭაძე (995) 577 770-072, ipaichadze@worldbank.org ნაშრომი განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.worldbank.org/georgia/georgiabook დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: http://www.worldbank.org/ge გვესტუმრეთ Facebook-ზე : http://www.facebook.com/worldbank სიახლეებისთვის ეწვიეთ : http://www.twitter.com/worldbank |