Click here for search results
Online Media Briefing Cntr
Embargoed news for accredited journalists only.
Login / Register

მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს რეგიონული განვითარების პროექტს კახეთის ინფრასტრუქტურისა და შემოსავლების გაუმჯობესების მიზნით

Available in: English
Press Release No:2012/334/ECA

 პროექტის შედეგად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ხარისხი, ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას და ამაღლდება მოსახლეობის ცხოვრების დონე

ვაშინგტონი, 20 მარტი, 2012 წ. – დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ   საქართველოში რეგიონალური განვითარების პროექტისათვის 60 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა. პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში ტურიზმსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტი ორი კომპონენტისაგან შედგება: 1) ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და 2) ინსტიტუციონალური განვითარება. პროექტით გათვალისწინებულმა სამუშაოებმა პირდაპირი სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც კახეთის მოსახლეობას, ასევე რეგიონში ჩასულ ტურისტებს. პროექტის განხორციელების შედეგად უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტის მიმოსვლა.

რეგიონის საჭიროებების დადგენა და პროექტის შემუშავება მოხდა საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი საჯარო კონსულტაციების მეშვეობით. 

 “პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან კახეთის მოსახლეობა და ტურისტები, რომლებსაც ექნებათ უკეთესი მუნიციპალური მომსახურება, აღდგენილი ისტორიული ძეგლები და ახალი თანამედროვე  შენობები,” აღნიშნა ასად ალამმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში - “ყოველივე ეს გააუმჯობესებს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონეს და შემოსავლებს.”

„ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მიზანია ვაქციოთ კახეთი უმაღალესი კატეგორიის ახალ ტურისტულ კერად, რომელიც მიიზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებრივი რესურსებითა და პარკებით, და ღვინის ტურიზმით,”  თქვა აჰმედ ეივეიდამ, რეგიონული განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა -  „ჩვენი ამოცანაა კერძო ინვესტიციების მოზიდვა, კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების ჩამოყალიბება.”

ეს პროექტი ეყრდნობა რეგიონში წინა წლებში მსოფლიო ბანკის მონაწილეობით განხორციელებული პროექტების  შედეგებს. ასეთი პროექტების რიცხვს ეკუთვნის: კახეთის რეგიონალური გზების და მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირეს მგზავრობისათვის საჭირო დრო.  გარდა ამისა, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შედეგად გაუმჯობესდა კახეთის რამოდენიმე ქალაქისა და სოფლის  წყალმომარაგება და გზები. სოფლის განვითარების პროექტმა საკრედიტო ხაზები უფრო ხელმისაწვდომი გახადა რეგიონში მომუშავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის. საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების პროექტმა შესაძლებელი გახადა ქვემო ალაზნის სათაო ნაგებობებისა და ძირითადი სარწყავი არხების რეაბილიტაცია. განათლების სისტემის გარდაქმნისა და გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ორ სოფელში – ჯუგაანსა და გავაზში -- აშენდა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ორი ახალი სკოლა.

1992 წელს საქართველოში საქმიანობის დაწყების შემდეგ, მსოფლიო ბანკმა 52 პროექტი დააფინანსა, რომელთა მთლიანმა თანხამ დაახლოებით 1.62 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რეგიონალური განვითარების პროექტისათვის გამოყოფილი სესხი 25 წლიანია, ხოლო საშეღავათო პერიოდის ხანგრძლიობაა 10 წელი.

საკონტაქტო პირები:

ვაშინგტონში: ელენა კარაბანი, ტელ:  (202) 473-9277, ekaraban@worldbank.org
თბილისში: ინგა პაიჭაძე, ტელ: (99532) 291-3096, ipaichadze@worldbank.org 

საქართველოში მსოფლიო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი
ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.worldbank.org.ge


For more information, please visit the Projects website.

Related News

გაუმჯობესებული გზებით საქართველოში 150.000 მეტი ადამიანი ისარგებლებს
საქართველოს ანტიკორუფციულმა ბრძოლამ საჯარო სამსახურში მოწონება დაიმსახურა
მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოში



Permanent URL for this page: http://go.worldbank.org/J82DIJNS50